ხედვა, მისია

პალიატიური მზრუნველობის საქართველოს ეროვნული ასოციაცია (პმსეა) 20 წელზე მეტია საქმიანობს საქართველოში პალიატიური მზრუნველობის, როგორც სამედიცინო-სოციალური დარგის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებისათვის. პმსეა ახორციელებს საქართველოს ჯანდაცვის და  განათლების სისტემაში:

  • პალიატიური მზრუნველობის ინკორპორაციის ხელშეწყობას;
  • პალიატიური მზრუნველობისათვის სამედიცინო კადრების მომზადების ხელშეწყობას;
  • პალიატიური მზრუნველობის დარგში კვლევების ხელშეწყობას;
  • პალიატიური მზრუნველობის სუბსპეციალობის აკრედიტებული პროგრამების და საგანმანათლებლო ლიტერატურის მომზადებას;
  • პალიატიური მზრუნველობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას მედიის საშუალებებით (ბეჭდური და ვიდეო მასალებით)

აღნიშნულის რეალიზაციისათვის პმსეა ახდენს:

  • პალიატიური მზრუნველობის არსისა და მიზნების გაცნობას საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისათვის და დარგის მესვეურთათვის;
  • პალიატიური მზრუნველობის ჯანდაცვის ეროვნულ სისტემაში ინკორპორაციის ხელშეწყობისათვის აუცილებელ საკანონმდელო-ნორმატიული ინიციატივების წარდგენას და ლობირებას საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებში;
  • პალიატიური მზრუნველობის სახელმძღვანელო საერთაშორისო დოკუმენტების თარგმნა-გავრცელებას;
  • პალიატიური მზრუნველობის ეროვნული პროგრამის შემუშავებას;
  • პალიატიური მზრუნველობისათვის სპეციალისტთა მომზადების და გადამზადების ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელშეწყობას – სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების შექმნით და უნივერსიტეტებში და საექთნო სასწავლებლებში სასწავლო კურსების დანერგვით;
  • პალიატიური მზრუნველობის მიმართულებით კვლევების დამკვიდრებას სადოქტორო პროგრამებში;
  • ჰოსპისური და ბინაზე პალიატიური მზრუნველობის (“ჰოსპისი ბინაზე”) გუნდების დაფუძნებას და განვითარებას;
  • ასოციაციის მიზნების შესაბამისი კონფერენცების, ტრენინგებისა და ლექცია- სემინარების მოწყობას;
  • ბეჭვდითი და ელექტრონული საინფორმაციო მასალების მომზადებას და გამოცემას;
  • ვიდეო-ლექციების, კლიპების და სატელევიზიო გადაცემების მომზადებას.

ხედვა და ღირებულებები:

პმსეა-ს მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის ისეთი სისტემის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც განახორციელებს პრინციპს – ადეკვატური პალიატიური მზრუნველობა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც სჭირდება.

ქვეყნის მოსახლეობა,  ჯანმრთელობის  მდგომარეობიდან  გამომდინარე, შეიძლება  დაიყოს სამ პირობით ჯგუფად:

1) ჯანმრთელები,  რომლთაც უნდა  ავაცილოთ  დაავადებები;

2) ავადმყოფები, რომელთა გამოჯანმრთელებაც და საზოგადოებაში სრულფასოვან წევრებად უკან დაბრუნებაც დღეს მედიცინას  ძალუძს;

3) ადამიანები ქრონიკული დაავადებების  ინკურაბელური სტადიით, როდესაც  მათი  გამოჯანმრთელება უკვე ვეღარ  ხერხდება.

შესაბამისად, ჯანდაცვის სისტემასაც აქვს სამი მდგენელი: 

  • ჯანმრთელებისთვის – პრევენციული მედიცინა;
  • განკურნებადი ავადმყოფებისთვის – სამკურნალო და რეაბილიტაციური მედიცინა;
  • ინკურაბელური ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფბისათვის – პალიატიური მედიცინა (პალიატიური მზრუნველობა).

  

პალიატური მზრუნველობა განიხილება ქრონიკული ინკურაბელური დაავადებით შეპყრობილი ადამიანების ცხოვრების მიწურულის მედიცინად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სიცოცხლის შესაძლებლად მაღალი ხარისხი, აღსასრულამდე  საზოგადოების ღირსეული წევრობა.  ასეთი პაციენტებს სხვადასხვა ჩივილის და პრობლემის მოგვარებით (შემსუბუქებით), ვეხმარებით მათ ახლობლებსაც, რომლებიც, ოჯახის წევრის ავადმყოფობის გამო, ხშირად იძულებულნი არიან შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი და სამსახურის გრაფიკი.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, პალიატიური მზრუნველობა  არის აქტიური მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, სოციალური, ფსიქოლოგიური და სულიერი მხარდაჭერა იმ პაციენტებში, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება. პალიატიური მზრუნველობით შესაძლებელია არა მხოლოდ ავადმყოფების, არამედ მათი ოჯახის წევრების ცხოვრების უკეთესი ხარისხის მიღწევაც.

ჯანმოს რეკომენდაციით, ქვეყანაში პალიატიური მზუნველობის დანერგვას სჭირდება პოლიტიკური ნება და პოლიტიკური ქოლგის ქვეშ 3 ამოცანის გადაჭრა: განათლება, პრაქტიკული სამსახურების განვითარება და ოპიოიდურ წამალთა ხელმისაწვდომობა.

განათლება. პალიატიური მზრუნველობა სწავლებადია ისევე, როგორც მედიცინის სხვა დარგები. პმსეა-ის მეცადინეობით გამოიცა სახელმძღვანელო, მომზადდა სუბსპეციალობის პროგრამა (აკრედიტებულია თსუ-ის ბაზაზე), რამაც შექმნა ბაზისი პალიატიურ მზრუნველობაში სამედიცინო კადრების მომზადებისათვის.

სამსახურების განვითარება. პალიატიური მზრუნველობის სტანდარტი  გულისხმობს პალიატიური მზრუნველობის სპეციალისტებით დაკომპლექტებული სტაციონარული ერთეულის (ჰოსპისი, განყოფილება, პალატა), ასევე, სპეციალურად მომზადებული პირველადი ჯანდაცვის რგოლის (ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, ექთანი) არსებობას. მნიშვნელოვანია პალიატიური მზრუნველობის სტაციონარულ ერთეულთან მიმაგრებული სპეციალიზებული მობილური გუნდიც, რომელიც ამყარებს კავშირს პალიატიურ მზრუნველობაში მონაწილე სხვადასხვა რგოლებს და პაციენტს შორის. 

წამალთა ხელმისაწვდომობა გულისხმობს ოპიოიდურ ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტთა ხემისაწვდომობას. ქრონიკული ინკურაბელური დაავადებების, კერძოდ, კიბოს ტერმინალურ სტადიაზე, ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სიმპტომია, რომლის მოხსნაც ოპიოიდების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია.

არსებობს ქვეყნისთვის ოპიოიდების საჭირო რაოდენობის გამოთვლის სტანდარტები. მხოლოდ ონკოლოგიური პაციენტებისათვის  საქართველოს დღეს სჭირდება 35 კგ-მდე ოპიოიდი, მაგრამ მოიხმარს არაუმეტეს 13 კგ-ისა. ამდენად, საქართველოში ტკივილის დაყუჩება სრულფასოვნად არ ხდება. ფიზიკური ტკივილი აწუხებთ პაციენტებს ქრონიკული განუკურნებელი დაავადებებით, სულიერ ტკივილს განიცდიან მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ვერ ეხმარებიან თავიანთ ახლობელს. ეს დაუშვებელია. იმიტომ, რომ ტკივილი, როგორც ფენომენი, გაყუჩებადია, და ამდენად, ადამიანს უფლება აქვს იცხოვროს ტკივილის გარეშე.

ამის გათვალისწინება აუცილებელია პალიატიური  მზრუნველობის ეროვნული  მოდელის შექმნისას.

Scroll to Top